პავლე 31 წლის მეფუტკრეა, ის ამჟამად ქვემო ქართლში, ბოლნისში ცხოვრობს. ამ საქმით ის ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. პავლე ამ საქმისადმი თავიდანვე რაღაც აუხსნელ მიზიდულობას გრძნობდა, თუმცა ამ სიყვარულის გაღვივებაში დიდი გავლენა იქონია მისმა ოჯახმაც . ყველაფერი ორი სკითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო, დღეს კი უკვე ის 50 სკას უვლის.
პავლეს მიზანია ფუტკრებმა ხარისხიანი და გემრიელი თაფლი დაამზადონ. ყოველ გაზაფხულზე საქმის გაფართოების მიზნით, ფუტკრის ოჯახებს ყოფს და ახალ სკებში გადაჰყავს, რადგან შექმნას უფრო ფართო მეურნეობა. სპეციალურად თავისი საფუტკრისთვის დასავლეთ საქართველოდან ჩამოჰყავს ახალ-ახალი ქართული ჯიშის “მუხურის” დედა ფუტკრები. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ მისმა ფუტკრებმა შექმნან არომატული, ნატურალური და სუფთა თაფლი. ამ ყველაფერს მოჰყვება ფუტკრების მიერ, თაფლის დამზადება - დამუშავება და შემდეგ მოსავლის აღება. პავლე ორი სახეობის თაფლს იღებს, პირველია მაისის თაფლი, რომელიც ძირითადად შედგება ძეძვის, აკაციისა და ცაცხვისგან. მას აქვს ღია ქარვისფერი შეფერილობა და ტკბილი გემო. რაც შეეხება მეორეს, ეს არის მთის თაფლი, რომელიც მოპოვებულია დმანისის მთებში, ალპური ზონიდან. იგი არის მუქი წაბლისფერი შეფერილობის, შედგება მთის მინდვრის ყვავილებისგან, როგორიცაა ქონდარი, თავშავა, და სხვა. ამ თაფლს, მაისის თაფლისგან განსხვავებით, დაჰყვება სპეციფიკური, მთის თაფლის დამახასიათებელი მომწარო გემო.
პავლე საქართველოს სტატისტიკის სამსახურში მუშაობს, ის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტია, ასევე ასწავლის ხეზე კვეთასა და პერიოდულად საოჯახო ღვინის მეურნეობაშიც ერთვება, რაც იმის განმაპირობებელია, რომ მას თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. პავლე თავდაუზოგავად შრომობს თავისი პროდუქციის სარეალიზაციო სივრცის გაფართოებაზე, რომელშიც მოიაზრება როგორც ადგილობრივი ისე უცხოეთის ბაზარი.