ძველი ქართული მივიწყებული სააღდგომო ტრადიციები
ძველი ქართული მივიწყებული სააღდგომო ტრადიციები
20.04.2022

აღდგომა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას. აღდგომის დღესასწაულს მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება და მათი გარკვეული ნაწილი დღემდე შემორჩენილია. სააღდგომო წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებში შედის:კვერცხის შეღებვა გართობა-თამაშები, საფლავზე გასვლა, ნათლიების მიერ ნათლულებისთვის მილოცვა.


წარსულ დროში ერთ-ერთი გამორჩეულ რიტუალს წარმოადგენდა ჭონაობა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. ჭონა სააღდგომო შემოვლითი რიტუალია, რომელსაც დიდ ხუთშაბათს ან დიდ შაბათს, საღამოს, ასრულებდნენ. სოფელში რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა - მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ ხალხს. მოსახლეობა სიხარულით ეგებებოდა ჭონაზე მისულთ, ასაჩუქრებდნენ, ოჯახს დაალოცვინებდნენ და მხიარულად ისტუმრებდნენ.

ამ რიტუალს გლეხებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. საგალობლების კარგად შესრულებას ისინი ბარაქიან წელიწადს და სურვილების აღსრულებას უკავშირებდნენ.


აღდგომის სადღესასწაულო რიტუალები დასავლეთსა და აღმოსავლეთში არ გამოირჩევა მკვეთრი განსხვავებებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, თითოეულ კუთხეს თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები ოდითგანვე აქვს.


სამეგრელო


სამეგრელოში ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. ასევე აცხობდნენ ყველისა და პურის კვერებს. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან მარხულობდა ისე, რომ წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა კვერებს, ღორის გულ - ღვიძლს, მამლის თავს, ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

კახეთი


სააღდგომოდ კახეთში ყველა ოჯახის ტრადიცია იყო გოჭის დაკლა. ასევე კლავდნენ ქათმებსა და ინდაურს. დიდ სუფრას შლიდნენ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ იკრიბებოდნენ ნათესავები, მეზობლები, და ხმაურიანად აღნიშნავდნენ.იცოდნენ კვერცხებით თამაში. ნათლულები ნათლიებს კვერცხებს და კელაპტრებს უგზავნიდნენ. მიცვალებულს უჭრიდნენ რომელიმე დიდი თევზის ზურგის ანაჭერს, იმ ქვეყნად წყლის დალევის ნება რომ მიეცათ. ჭირისუფლები კლავდნენ ბატკანს, სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ.


რაჭა


რაჭაში აღდგომის წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ და თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი ყველა ოჯახს აკურთხებდა. ოჯახი, რომელსაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, კლავდა ცხვარს. ცხვრის ბარკალს, თავ-ფეხს და ლავაშს ლანგრით მღვდელს მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს კი ,,გიორგონთობას’’ აღნიშნავდნენ. აცხობდნენ ლობიანებს და დიდი ზეიმი იმართებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ მეჭონეებს, ერთი დიდი მილის ფორმის საკრავი ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ მოზრდილი იყო და მასზე დაკვრა მხოლოდ ძლიერ მამაკაცს შეეძლო. მეჭონეები თავიანთი მსვლელობის დროს სიმღერის ნაცვლად საკრავს სამჯერ ჩაჰბერდნენ, ნასიამოვნები მასპინძელი კი მათ კვერცხებითა და კვერებით უმასპინძლდებოდა.

გურია


აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციულად იმართებოდა ლელო. 16 კილოგრამიანი ტყავის ბურთი სილითა და ნახერხით იყო სავსე შემდეგ კი აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა თაფლის, ბროწეულის წვენისა და შავი ღვინის ნაზავია, რომელსაც მოთამაშეებსაც სიმხნევისთვისა და ძალის მოსამატებლად მცირე რაოდენობით ასვამდნენ.


თბილისი


ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, სააღდგომო წირვის დასრულების შემდეგ ქართველი მეფეები, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის ტერიტორიაზე ერთმანეთს ისრით ბრძოლაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულს ოქროს ან ვერცხლის თასით აჯილდოებდნენ. სწორედ აღნიშნული თასების ჩამოგდება იყო მონაწილეების მიზანი და შეჯიბრების შინაარსი.

მომდევნო ბლოგი