წლების მატება სასიამოვნო რამაა. ახალგაზრდობის სცენიდან ნაზად ჩამოდიხარ, იხსნი ყველა იმ ტვირთსა, რომელიც ჭაბუკობის პერიოდში მოსვენებას არ გაძლევს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბობას იწყებ. ბატონი გიორგისთვის ცხოვრებით ტკბობა შრომასთან ასოცირდება, რადგან როგორც თავად თქვა, ცოცხალი კაცი არ უნდა გაჩერდეს. თუ ძალა გაქვს, უნდა იშრომო, განვითარდე და აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს. გიორგი პაპა 63 წლის ფერმერია, ის თიანეთის მხარეში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი დილა 5 საათზე, ფერმაში ვიზიტით იწყება. ძროხებს მოწველის, შემდეგ ველზე გაუშვებს საბალახოდ და შინ დაბრუნებული მიწასთან იწყებს დიალოგს. კარტოფილისა და სიმინდის მოვლას ძალიან დიდი მოვლა სჭირდება. პაპა მცენარეებს ჯერ სარეველებისგან ათავისუფლებს შემდეგ რწყავს, ამასობაში ბინდდება კიდეც და ველზე წასვლის ჯერიც დგება.
საქონლებს სახლში მოიყვანს, აბინავებს, მოწველის და შემდეგ ყველის დამზადებას იწყებს. მეთოდი ტრადიციული აქვს: იმერული ყველი - მოწველის შემდეგ, რძე გადააქვს ჭურჭელში, რამდენჯერმე წურავს, საჭირო ტემპერატურამდე შეათბობს, აგემებს ყველის დედას, 40 წთ დააყოვნებს. უკვე შედედებულ მასას ხელით ჭყლეტს აკეთებს გუნდას, დებს ფორმაში აყრის მარილს და გადააქვს წათხში. ასე გრძელდება კვირა, თვე, წელი და შემდეგ წლები... მაგრამ გიორგი პაპასთვის ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრება უფრო მშვენიერი, საამური და ლამაზი ხდება.