ვაშლის დიდებულ ბაღში ახალგაზრდა კაცი დაიარება. ხელები ზურგს უკან, წელთან აქვს დაწყობილი და დინჯად დასეირნობს. მინდია ზოგჯერ ცაში აიჭყიტება, ხან მიწას დახედავს, ხან ჩაეღიმება, ხანაც კი შორეულ ფიქრებში გაემგზავრება და მანამ არ ბრუნდება იქიდან, სანამ სამსახურში წასვლის ჟამი არ დგება. დღის პირველი ნახევარი ბანკში მუშაობს, ხოლო დანარჩენ დროს თავის საოცარ ვაშლის ბაღში ატარებს. ხანდახან ხუმრობით იმასაც კი ამბობს: "ის სილამაზე, რასაც მე ყოველდღე ვხედავ, ანტონ ჩეხოვს რომ ენახა თავის “ალუბლების ბაღს” სახელს შეუცვლიდა და “ვაშლის ბაღს” დაარქმევდაო." მინდია თავის საქმეზე თავდავიწყებითაა შეყვარებული. მისთვის ეს საყვარელი საქმეა, რომელსაც სჭირდება დიდი შრომა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ერთგულება.
მის ბაღში სამი ჯიშის ვაშლი ისხამს ნაყოფს : გოლდენი, გრან სმიტი და აიდარედი. როგორც თავად ამბობს, ხილის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან ვაშლს სჭირდება მორწყვა, მავნებლებისგან დაცვა. ამას ემატება ხეების ბიოლოგიური სასუქითა და კონტაქტური წამლებით დახმარება (რაც აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის), რათა ბუნებრივ პირობებში არ დაზიანდეს. მეხილეობა მისი ოჯახისთვის მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელიც წლებია გრძელდება.